ჩართე განათლებისთვის

ჩართე განათლებისთვის
არაფორმალური განათლების ენთუზიასტების მიერ წამოწყებული საქველმოქმედო კამპანია „ჩართე“ 2,000,000 ლარზე მეტის მოცულობის დონაციითა და ინტერნეტთან დაკავშირებული 2,500-ზე მეტი სოციალურად დაუცველი მოსწავლის ისტორიით, განათლების ციფრული ხელმისაწვდომობის გაფართოებაზე მუშაობს.

„ჩართე“, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მისაწვდო­მო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი საქ­ველმოქმე­დო კამ­პა­ნი­ა, 2017 წელს ჩნდება და იწყებს იმ რთულ და ხანგრძლივ საქმიანობას, რომელიც დიდ ძალისხმევას, დონორების ნდობასა და იდეის ერთგულებას მოითხოვს. საქმიანობის 7 წელი Forbes Education-თან „ჩართეს“ ხელმძღვანელმა, მარიამ მჭედლიშვილმა შეაჯამა.

„ჩართეს“ ისტორია საქართველოში საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს გამოჩენით იწყება. ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების განვითარებისა და მათი ხელმისაწვდომობის იდეის გარშემო გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა მაშინ გამოწვევის გადაჭრა ინტერნეტის დახმარებით გადაწყვიტეს.

Educare Georgia-ს დაფუძნების მთავარი მიზანი ხარისხიანი და საერთაშორისოდ აღიარებული სასწავლო რესურსის გაქართულება იყო. სწორედ მათი დამსახურებით გაქართულდა „ხანის აკადემიისა” და Code.org-ის პლატფორმები და სასწავლო მასალები. მარიამ მჭედლიშვილი გვიყვება, რომ საგანმანათლებლო ფონდი აქტიურად ლობირებს „დუოლინგოზე“ ქართულინგლისური კურსის შექმნის საკითხსაც.

გაქართულებული საგანმანათლებლო რესურსების პოპულარიზაციის მიზნით მარიამ მჭედლიშვილი თანამოაზრეებთან ერთად სკოლებში დადიოდა, რათა ახალი შესაძლებლობა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გაეცნოთ, ხოლო სკოლები დაერწმუნებინათ, ხარისხიანი და გლობალურად აღიარებული საგანმანათლებლო რესურსი დამატებით მასალად ჩაერთოთ სასწავლო პროცესში. „ხანის აკადემიის“ ქართულად თარგმნილი კურსების დახმარებით მოსწავლეებს გამოცდისთვის უფასოდ მომზადების შესაძლებლობაც გაუჩნდათ.

ამგვარი მიდგომით Educare Georgia-ს გუნდი განათლების სფეროში თანასწორობის მიღწევასაც ისახავდა მიზნად.

გაციფრულებული და ქართულენოვანი ინტერნეტრესურსების სკოლებში წარდგენისას აღმოჩნდა, რომ დიდი გამოწვევაა ზოგადად ინტერნეტსა და პერსონალურ კომპიუტერებზე წვდომა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე იყო რეგიონებში. Educare Georgia-ს გუნდი მივიდა დასკვნამდე, რომ საკითხზე კომპლექსურად უნდა ემუშავათ და მხოლოდ რესურსის შეთავაზება ამ მიმართულებით საკმარისი აღარ იყო.

პარალელურად, მარიამ მჭედლიშვილი გამოწვევის მასშტაბებსაც გვიზიარებს. „ჩართეს“ კვლევითა და UNICEF-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დღეს 79,000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არა აქვს წვდომა ინტერნეტსა და ��ომპიუტერულ ტექნიკაზე. შესაბამისად, დაახლოებით ამდენივე მოსწავლე ვერ ერთვება, სულ მცირე, საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც მოითხოვს იმგვარი დავალებების შესრულებას, ციფრულ რესურსებზე წვდომა რომ სჭირდება.

რესპონდენტი გვიხსნის იმასაც, რატომ გადაწყდა პერსონალური კომპიუტერების გადაცემა მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის ინტერნეტთან წვდომის დაფინანსება: „დღეს ინტერნეტი აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს. ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ინტერნეტს ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებად აქცევს“.

„ჩართეს“ გუნდი დარწმუნებულია, რომ ინტერნეტთან წვდომა მრავალ ახალ შესაძლებლობას აჩენს. თუკი ადრე ინდივიდების წარმატების შანსები მეტწილად მათ საცხოვრებელ ადგილსა და სოციალურ სტატუსზე იყო დამოკიდებული, დღეს ციფრულ სამყაროსთან შეუზღუდავი წვდომა ხსნის ამ ბარიერებს და განვითარების მრავალ შესაძლებლობას ქმნის.

ასე გაჩნდა საქართველოში „ჩართე“ — პირველი და ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია განათლების სფეროში. პროექტი სრულად შემოწირულებაზეა დამოკიდებული. იდეას გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდა და აუმჯობესებდა. მოგვიანებით გაეშვა განახლებული და გამარტივებული ვებპლატფორმაც, რამაც შემოწირულებების მიღება ბევრად მარტივი გახადა.

პროექტის იდეისა და საოპერაციო ნაწილის დახვეწის პარალელურად, იზრდებოდა დონაციების მოცულობაც და იმ მოსწავლეების რაოდენობაც, ვისაც „ჩართემ“ მხარდაჭერა გამოუცხადა.

„თავდაპირველად, თუკი ვინმე გადმოგვცემდა ლეპტოპს, თბილისთან ახლოს, მიკროავტობუსით მიგვქონდა“, – იხსენებს საქმიანობის პირველ დღეებს მარიამ მჭედლიშვილი და გვიყვება, რომ თავიდან ძალიან უჭირდათ სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირება და საქმიანობის მასშტაბებიც შეზღუდული იყო, ვინაიდან ყველა აქტივობა მოხალისეობრივ საფუძველზე ხორციელდებოდა.

„ჩართეს“ ხელმძღვანელი ამ გამოწვევის მიზეზებსაც გვიხსნის და გვიყვება, რომ დღემდე არ არის ხელმისაწვდომი ზუსტი და ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი ოჯახი და მოსწავლეა დარჩენილი დღეს საქართველოში ინტერნეტსა და კომპიუტერთან წვდომის გარეშე.

თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი გამოწვევა, რომელთანაც პროექტის გუნდს 2017 წლიდან მოყოლებული უწევს გამკლავება.

ინტერვიუს ნაწილი პანდემიასა და მის გავლენაზე საუბარს დავუთმეთ. მარიამ მჭედლიშვილი გვეუბნება, რომ „ჩართეს“ გუნდისთვის პანდემიამ პრობლემის მასშტაბურობა უფრო თვალსაჩინო გახადა. ამავე პერიოდს ემთხვევა პროექტის მხარდამჭერთა და დონორთა რაოდენობის ძალიან სწრაფი ზრდა. თუკი 2017-2020 წლებში პროექტმა 500 ოჯახის დახმარება შეძლო, პანდემიის დაწყების შემდეგ, მხოლოდ 2020 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე პერიოდში, „ჩართე“ და დონორე­ბი დამატებით 500 ოჯახს დაეხმარნენ.

„პანდემიისას ბევრმა ადამიანმა გააცნობიერა, თუ რა მასშტაბის გამოწვევა იყო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემა და რამდენად მნიშვნელოვანია შეუზღუდავი კავშირი ციფრულ რესურსებთან“, – გვეუბნება რესპონდენტი და მიუთითებს, რამდენად კრიტიკული იყო სკოლის მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი დამამთავრებელ კლასებში, ოჯახებს ჰქონოდათ საშუალება, არ ჩამორჩენოდნენ სასწავლო პროცესს.

გამოწვევების ფონზე, „ჩართეს“ გუნდის მთავარი ამოცანაა, გრძელვადიანად შეინარჩუნოს სტაბილური მხარდაჭერა, რათა ახალი ოჯახებისთვის კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა არ შეფერხდეს და, ამავდროულად, უკვე ჩართული მოსწავლეების ინტერნეტის დაფინანსება უწყვეტად გაგრძელდეს.

„ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, როდესაც, არასახარბიელო ეკონომიკური მოცემულობის ფონზე, ადამიანები საკუთარ, თუნდაც მცირედ ფინანსურ რესურსს გვანდობენ“.

მხარდაჭერის შენარჩუნებაში კი მთავარ როლს დონორებისა და მხარდამჭერების მხრიდან „ჩართესადმი“ ჩამოყალიბებული ნდობა ასრულებს.

საქართველოში საგანმანათლებლო ფილანთროპიის კულტურა ნაკლებად არის განვითარებული, შესაბამისად, „ჩართეს“ ამ მიმართულებითაც განსაკუთრებული ძალისხმევის მიმართვა უწევს. საქველმოქმედო კამპანიების მისამართით არსებული სკეპტიკური დამოკიდებულების საპასუხოდ, მარიამ მჭედლიშვილი პროექტის გუნდთან ერთად დიდ რესურსს მიმართავს „ჩართეს“ ფინანსური გამჭვირვალობისა და საქმიანობის ანგარიშვალდებულების განვითარებაზე.

„ჩვენ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, იქნება ეს ფინანსური თუ ადმინისტრაციული, გამჭვირვალეა ყველა დონორისთვის“, – ამბობს პროექტის ხელმძღვანელი და აზუსტებს, რომ „ჩართეს“ ანგარიშებში დეტალურად არის წარმოდგენილი, რა კრიტერიუმებით ირჩევიან ბენეფიციარები, ყოველთვიური ჩარიცხვები და გადარიცხვები, თითოეული ტრანზაქცია თუ გადაწყვეტილება.

მოპოვებული ნდობის გაზომვა კი უკვე შედეგებითაც არის შესაძლებელი. დღეის მდგომარეობით, პლატფორმის დახმარებით „ჩართემ“ 2 მილიონ ლარზე მეტი შეაგროვა. მხარდამ­ჭერებისგან მიღებული დონაციებით საორგანიზაციო გუნდმა 2,500-ზე მეტი მოსწავლისთვის შეიძინა კომპიუტერი და ყველა ჩართულ ოჯახს უფინანსდება წვდომა ინტერნეტზე.

მარიამ მჭედლიშვილი ჩვენთან საუბარში აზუსტებს, რომ 2017 წლიდან მოყოლებული, „ჩართეს“ 5,098 ინდივიდუალური შემომწირველი ჰყავდა. მათგან 2,000-ზე მეტი სტაბილურად უჭერს მხარს პროექტს. სწორედ სტაბილური მხარდამჭერების მიერ შემოწირული თანხებით იფარება ათასობით მოსწავლის ინტერნეტის საფასური ყოველთვიურად.

„ადამიანებს უნდა გვესმოდეს, რომ დიდი პრობლემის მოსაგვარებლად ხანდახან გმირობა არ არის საჭირო. შესაძლოა, ერთი ლარითაც კი შეცვალო სხვისი ცხოვრება უკეთესობისკენ“.

დონორების წინაშე ანგარიშვალდებულებასთან ერთად, „ჩართეს“ გუნდი საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს მოსწავლეების წინაშეც. ჯგუფი მუდმივად ადევნებს თვალს ყველა ბენეფიციარს, ამოწმებს, რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში, უმჯობესდება თუ არა მათი შესაძლებლობები.

ამ ზრუნვის ნაწილია გავლენის კვლევაც, რომელსაც პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი ყოველწლიურად ატარებს. კვლევის შედეგები პოზიტიური გავლენის მასშტაბურობაზე მიუთითებს და იმედისმომცემ სურათს ხატავს. ბენეფიციარების 85% ამბობს, რომ მათი კომპიუტერული უნარ-ჩვე���ები გაუმჯობესდა, 40% უფრო აქტიურად იყენებს ინტერნეტრესურსებს საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ხოლო 35% თავს უფრო ბედნიერად გრძნობს, გაუმჯობესებულია ჩართული მოსწავლეების აკადემიური მოსწრებაც.

პროექტის საოპერაციო მიმართულების ხელმძღვანელი გვიხსნის, რომ „ჩართე“ მოსწავლეებს, კომპიუტერულ ტექნიკასთან ერთად, ინტერნეტზე საშუალოდ სამწლიანი წვდომით უზრუნველყოფს. ხოლო მას შემდეგ, რაც „ჩართე“ წყვეტს ოჯახისთვის ინტერნეტის საფასურის დაფარვას, გუნდი ატარებს დამატებით კვლევას, რათა დაადგინოს, რამდენად მდგრადი შედეგებით დასრულდა მათი ჩართულობა – ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ბენეფიციარების 98% სამწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ თავად ახერხებს ინტერნეტთან დაკავშირებული დანახარჯების დაფარვას.

„ჩართეს“ პოზიტიური გავლენისა და შთამბეჭდავი შედეგების განხილვის შემდეგ ვინტერესდებით, როგორია იმ გუნდის შემადგენლობა, ვინც „ჩართეს“ ავითარებს. მარიამ მჭედლიშვილი გვიზუსტებს, რომ პროექტს მცირე გუნდი მართავს და საქმიანობის დიდი ნაწილი დღეს მოხალისეობრივად სრულდება. ამასთან, ძირითადი გუნდი 2017 წლიდან დღემდე ერთგულად დგას „ჩართეს“ იდეის ირგვლივ.

მარიამ მჭედლიშვილთან ერთად პროექტის განვითარებაზე მისი დაფუძნებიდან დღემდე აქტიურად მუშაობდნენ მისი თანადამფუძნებლები, გიორგი ჯიბლაძე და რუსუდან ჯაყელი. პროექტის მართვაში დღეს ასევე ჩართულები არიან ირმა გაჩეჩილაძე, ნინი ჩარკვიანი და რაზმიკ ბადალიანი. პლატფორმის ტექნიკურ განვითარებას და გამართულობას მაია მჭედლიშვილი და კომპანია „ჰელიქსის” გუნდი უზრუნველყოფს. „ჰელიქსის” დამფუძნებელი თორნიკე გელაშვილი ასევე „ჩართეს” თანადამფუძნებელია. ფინანსურ საკითხებზე კი ანა ბჟალავა მუშაობს. მოსწავლეებთან კომუნიკაციის ნაწილში გუნდს ფრილანსერები – ნია გაჩეჩილაძე და თამუნა გელაშვილი ეხმარებიან.

უცვლელია ველზე მომუშავე გუნდიც და წლებია, ირმა გაჩეჩილაძე, მარიამ მჭედლიშვილი და ლერი გვილავა თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დადიან რეგიონებში.

პროექტის ზრდის პარალელურად საქმის მოცულობა იზრდება და გუნდს ხშირად სჭირდება ფრილანსერებისა და მოხალისეების დახმარება. მათ შესახებ ინფორმაციას პროექტის საიტზე ვხვდებით.

გუნდის შვიდწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს „ჩართეს“ ბენეფიციართა რიგებში 2,500-ზე მეტი მოსწავლეა გაერთიანებული. თუმცა საქველმოქმედო კამპანიის მიზნები ბევრად ამბიციური, ხოლო ამოცანები გრძელვადიანია.

„ჩვენი მთავარი გეგმაა, ყველა რეგიონში ჩავიდეთ და ვიპოვოთ ყველა მოსწავლე, ვისაც ჩვენი მხარდამჭერების დახმარებით დავაკავშირებთ ციფრულ სამყაროსთან“, – გვეუბნება მარიამ მჭედლიშვილი „ჩართეს“ სამომავლო გეგმებზე საუბრისას და დონაციების დივერსიფიცირების აუცილებლობაზეც საუბრობს. გუნდის დიდი სურვილი და მიზანია, მომავალში კომპანიებიც აქტიურად ჩაერთონ „ჩართეს“ საქმიანობაში.

მხარდაჭერის გაფართოებასთან ერთად, ფართოვდება გეოგრაფიული არეალიც, სადაც საქველმოქმედო კამპანიის გუნდი მუშაობს – „ჩართეს“ კიდევ ერთი მიზანია, უახლოეს მომავალში სრულად დააკმაყოფილოს საქართველოს მთიანი რეგიონების მოსწავლეთა საჭიროებები.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მარიამ მჭედლიშვილი „ჩართეს“ ახალ მიმართულებაზეც გვიყვება. კერძოდ, საკუთარი საქმიანობის შედეგებზე დაკვირვებისას პროექტის გუნდმა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა საკმარისი აღარ არის. ასე გაფართოვდა „ჩართეს“ მანდატი და დაემატა არაფორმალური განათლების კომპონენტიც, რომელიც პროფესიულ ორიენტაციასა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართულ აქტივობებს დაფარავს.

ამდენად, „ჩართეს“ გუნდი კიდევ უფრო ამბიციური განაცხადით ემზადება, შეასრულოს საკუთარი მისია და, ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი გახადოს.