Tela Festival 2024: „ელემენტი მიწა“

Tela Festival 2024: „ელემენტი მიწა“

დაბა ასურეთში, 12-14 ივლისს, Tela Festival-ი გაიმართება და სტუმრებს საერთო მიზნის – სამყაროსთან სინერგიის მიღწევის – გარშემო გააერთიანებს. ღონისძიება, რომელიც მუსიკას, ვიზუალურ ხელოვნებას, ბუნებასა და ტექნოლოგიას საერთო გამოცდილებაში აქცევს, ორ ძირითად ღირებულებას – ადამიანებს შორის ატმოსფერული ჰარმონიისა და ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებასა და ერთიანობის განცდას ეფუძნება.

თუმცა ეს ყველაფერი არაა: ერთი მხრივ მუსიკა და ვიზუალური ხელოვნება, ხოლო მეორე მხრივ დღეისთვის ბევრად აქტუალური საკითხი, რომელზეც Tela-ს ფესტივალი ფოკუსირდება ეკოლოგიური და მდგრადი მიმართულებაა. ბუნებასთან ღრმა უწყვეტი კავშირის შექმნით, ღონისძიების უმთავრესი ამოცანა საზოგადოებაში პლანეტაზე კონსუმერიზმის გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ადამიანებამდე კი იმ მესიჯის მიტანაა, რომ „ყველანი ერთი, უფრო დიდი რაღაცის ნაწილები ვართ“.

უნიკალურია ფესტივალის ფორმატიც: Tela-ს თითოეული ღონისძიება ხუთიდან ერთ კონკრეტულ ელემენტს ეძღვნება: მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და სამყარო. ყოველი ელემენტი ეკოლოგიურ და ბუნებრივ თემას წარმოადგენს. წლევანდელი ღონისძიებისთვის მიწის ელემენტი შეირჩა – დედამიწის დაცვის საჭიროებისა და აუცილებლობის ხაზგასასმელად, მომავალში კი ფესტივალი დანარჩენ ელემენტებს დაეთმობა, რათა წარმოაჩინოს მათი როლი და მნიშვნელობა ჩვენი პლანეტისა და სამყაროსთვის.

„ჩემი მიზანი იყო, შემექმნა სივრცე, სადაც ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა და ბუნება ერთ ორგანიზმად შეიკვრებოდა. Tela-ს ფესტივალი ხუთ ძირითად ელემენტს აერთიანებს, რათა შექმნას სინერგია და ჩემი მრავალი წლის ჩანაფიქრი რეალობად აქციოს. ფესტივალის მიზანია, თითოეულმა ადამიანმა იპოვოს უსაფრთხო სივრცე, სადაც მიიღებს არა მხოლოდ მუსიკალურ, არამედ დასამახსოვრებელ მუსიკალურ და ესთეტიკურ გამოცდილებასაც. ეს არის ის, რაც მე, როგორც მსმენელსა და ცეკვის მოყვარულს ყოველთვის მაკლდა“ – აცხადებს Forbes-თან ფესტივალის დამფუძნებელი ეთერი ორჯონიკიძე.

Tela Festival-ის ლოკაციად დაბა ასურეთი შეირჩა – უნიკალური სილამაზისა და ეკოლოგიური ღირებულებების ადგილი, რომელიც ზუსტად იმეორებს ფესტივალის მიზნებსა და ხედვებს. სამი დღის განმავლობაში, ფესტივალის დამსწრე სტუმრებს ოთხი სცენა უმასპინძლებს, სადაც მათთვის საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტები დაუკრავენ. წლევანდელი პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ მუსიკალურ წარმოდგენებს, ეკომეგობრული ხელოვნების ნიმუშებსა და სხვა მრავალ აქტივობას.

ფესტივალი საქართველოში მოიწვევს ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ არტისტებს და ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, სტუმრებს ოთხი სცენისგან შემდგარ პროგრამას შესთავაზებს. ფესტივალის ლაინაფი მსმენელს მუსიკალურ მრავალფეროვნებას ჰპირდება. წლევანდელი ღონისძიების მთავარ შემსრულებლებს შორის არიან: Helena Hauff, Bambounou, Jimi Jules, Randomer, Rhadoo, Terence Fixmer, OTHR, Gio Shengelia, Dito, Kvanchi, Dali, Ash Scholem.

„TELA-ფესტივალი გამოირჩევა თავისი ეკოლოგიური თემატიკით და ინოვაციური მიდგომებით. გარდა ამისა, ფესტ��ვალი მიზნად, საქართველოს შემოქმედებით ლანდშაფტში, ახალი და უნიკალური არტისტების/მხატვრების აღმოჩენას ისახავს. ფესტივალი ვიზიტორისთვის შექმნის მრავალფეროვან და უნიკალურ გამოცდილებას, რომელსაც ღონისძიების თითოეული სტუმარი ვიზუალური ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზით მიიღებს“.

მსმენელისთვის დასამახსოვრებელი გარემოსა და საზოგადოებაში ეკოლოგიური საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლების გარდა, Tela-ს ფესტივალი ქვეყნის კულტურული და ტურისტული პოტენციალის განვითარების იდეასაც ემსახურება. ღონისძიება ადგილობრივ არტისტებსა და დიზაინერებს აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი ნამუშევრები საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინონ.

წლევანდელი ფესტივალისთვის სცენებსა და ეკომეგობრულ ინსტალაციებს გამორჩეული ქართველი ვიზუალური არტისტები – თედო რეხვიაშვილი და მაკო ლომაძე შექმნიან. Tela 2024-ის ფარგლებში გამოცხადებული ღია კონკურსით დამატებით კიდევ რამდენიმე ვიზუალური არტისტი შეირჩევა, რომელთა ეკომეგობრული ინსტალაციებიც ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსდება.

ადგილობრივ არტისტებთან თანამშრომლობა და მათ განვითარებაზე ზრუნვა კი სწორედ ის გახლავთ, რაც Tela-ს გუნდისთვის მათი ღონისძიების უმნიშვნელოვანეს ნაწილად რჩება:

„ჩვენი მიზანი ზრდა და ჩვენი იდეების უფრო მეტ ადამიანამდე მიტანაა. გვსურს, გამორჩეული ადგილი გვეკავოს ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე და ინკლუზიურობით, მიმღებლობითა და მეგობრულობით, ბევრი საინტერესო კოლაბორაცია განვახორციელოთ ადგილობრივი სცენის წარმომადგენლებთან.

ვამაყობ ჩვენი გუნდით, მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი!“.

S