თურქეთი აშშ-თან $23-მილიარდიან თავდაცვით კონტრაქტს შეამცირებს

თურქეთი აშშ-თან $23-მილიარდიან თავდაცვით კონტრაქტს შეამცირებს

Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთი ამერიკის შეერთებულ შტატებთან $23 მილიარდის ღირებულების თავდაცვითი კონტრაქტის შემცირებას გეგმავს. თავდაპირველი შეთანხმებით, ანკარას, F16 მოიერიშე თვითმფრინავების ფლოტის გასაახლებლად – რომელიც ნატოში სიდიდით მეორეა – Lockheed Martin Corp-ის ბოლო თაობის ორმოცი F16, 79 სამხედრო კომპლექტაცია, ასობით ბომბი და რაკეტა უნდა შეეძინა.

თურქეთი აშშ-თან შესყიდვაზე შეთანხმების მიღწევას 2021 წლიდან ცდილობს, საბოლოო თანხმობა კი წელს მიიღო, მას შემდეგ რაც ანკარამ ნატოში შვედეთის გაწევრიანებაზე წინააღმდეგობა მოხსნა. ამჯერად თურქეთი საჭირო მასალების ნაწილის ადგილობრივად წარმოებას გეგმავს, რაც ქვეყანას მილიარდობით დოლარის დაზოგვაში, შიდა ინდუსტრიის გაძლიერებასა და უცხოელ მიმწოდებლებზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თურქეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს ამ ეტაპისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ. კონტრაქტის გადახედვის გეგმებზე შეკითხვას თავი აარიდა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და თქვა, რომ სათადარიგო ნაწილებთან დაკავშირებით თურქეთი დისკუსიისთვის ყოველთვის ღია იქნება.

თემასთან დაკავშირებით Lockheed Martin-ის სპიკერმა Bloomberg News-თან განაცხადა, რომ F-16 Block 70 და V განახლების პაკეტი 21-ე საუკუნეში უსაფრთხოების შესაძლებლობების საუკეთესო ნაზავია და თურქეთისთვის აუცილებელია ნატოსთან თავსებადობის გასაუმჯობესებლად. მე-4 თაობის F-16 თვითმფრინავები ანკარის საჰაერო ძალებს სავარაუდოდ 2030 წლისთვის უნდა გადაეცეს.

აშშ-მა თურქეთის მიერ F-35-ების შეძენის პროცესი მას შემდეგ დაბლოკა, რაც ანკარამ რუსული S-400 სარაკეტო თავდაცვითი სისტემის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად ანკარა აშშ-სგან მის თავდაცვის ინდუსტრიაზე სანქციების მოხსნას ითხოვს, თუმცა S-400-ების გაუქმებაზე უარს ამბობს და ვაშინგტონთან კომპრომისზე მუშაობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.